საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი, კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის" გადატანის უზრუნბელსაყოფად, ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა.

„კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის“ გადაცემის პროექტის განსახორციელებლად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ბუქარესტში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეგებმა რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან,“ - წერს შაჰბაზოვი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის მთავრობათა ენერგეტიკული უწყებების პირველმა პირებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

დღეს ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც, კაბელის პროექტის განვითარება გაგრძელდება.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს თანახმად, მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით, ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მისივე თანახმად, უნგრეთის, საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში რიგით მე-4 მინისტერიალზე შეიკრიბნენ.

„შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო ამ მიზნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონებისთვის. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე, რომელსაც დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, გამოიყენოს შესაძლებლობები და განახორციელოს ჩვენი ხედვა. ეს, ახალი საწარმო შეგვმატებს მოქნილობას, დააჩქარებს ჩვენს პროგრესს და გაზრდის ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობას. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ შავი ზღვის კაბელი მხოლოდ იდეა იყო, რომელსაც ძირითადად სკეპტიციზმი ხვდებოდა, თუმცა კოლექტიური მონდომებითა და მტკიცე ვალდებულებით ჩვენ ეს იდეა რეალობად ვაქციეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით ხორციელდება.

2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს.


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 21 ივლისს განაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.

ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს